დონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, ირანს თავს არ დაესხას

„ვერ ვიტყვი, რომ გარდაუვალია. ეს არის ის, რაც სავსებით შესაძლებელია მოხდეს“, - ამგვარად ეხმაურება დონალდ ტრამპი ისრაელის შესაძლო შეტევას ირანის ბირთვულ ობიექტებზე. თემაზე THE TIMES OF ISRAEL-მა იმუშავა და განცხადებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირის აზრიც გაგვაცნო.
მიუხედავად მისი ვარაუდისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, არ გადადგას ეს ნაბიჯი და ირანს არ დაარტყას, რადგან თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, როგორც ტრამპი აღნიშნავს, კვლავ ახლოსაა.
„არ მინდა კონფლიქტი დაიწყოს, რადგან ამერიკა საკმაოდ ახლოს დგას კარგ შეთანხმებასთან. თავდასხმა კი, ყველაფერს გააფუჭებს, ამიტომ მინდა თავი ავარიდო ამ ყველაფერს. ყველა შემთხვევაში, ირანს მოუწევს მოლაპარაკებაზე წამოსვლა და იმის მოცემა, რასაც ამ ეტაპზე, არ აპირებენ“, - აცხადებს აშშ-ის ლიდერი.
დონალდ ტრამპის განცხადებას ეთანხმება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფულიც და ამბობს, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს ბირთვული იარაღის მოპოვების ნებისმიერი გეგმისგან.
„გერმანიას აქვს მოლოდინი, რომ თეირანი უარყოფს ბირთვული იარაღის მოპოვების ნებისმიერ გეგმას და ეს საკითხი საიმედოდ გადაწყდება“, - აღნიშნავს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
„ესკალაციის აცილება სურს ყველა ქვეყანას და ჩვენც, მათ შორის. ბუნებრივია, რომ უქმად არ ვისხდებით და არ ვუყურებთ, როგორ გახდება ირანი ბირთვული იარაღის მფლობელი, შესაბამისად, ყველაფერი ნათელია“, - თქვა ვადეფულმა.
თემაზე, ასევე, ისაუბრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ და განაცხადა, რომ იტალია არ ფლობს ინფორმაციას, ირანზე ისრაელის მხრიდან, სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
„არანაირი მინიშნება არ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს ტაიანი და დასძენს, რომ თემაზე საუბარი, მხოლოდ, შეერთებული შტატებისგან მოისმინა.