„დონალდ ტრამპი ისრაელის მეგობარია, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვგმობ“ - ისრაელის პრეზიდენტი კრიტიკოსებს პასუხობს
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გმობს იმ „დამამცირებელ განცხადებებს“, რომლებიც ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთდა მას შემდეგ, რაც მან ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი და მოლაპარაკებები დაიწყო.
„ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის სანდო პარტნიორია. ის ჩვენი უახლოესი მეგობარი და მოკავშირეა, თავისუფალი სამყაროს ლიდერი - აშშ-ის ლიდერი, რომელიც მტკიცედ ებრძვის ბოროტების იმპერიას და ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებას“, - განაცხადა ჰერცოგმა იერუსალიმში საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე.
როგორც ჰერცოგმა აღნიშნა, ისრაელს და ამერიკას საერთო ღირებულებები და ინტერესები აერთიანებს.
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის მუდმივ მეგობრობას და მისი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიციას ირანის ბირთვულ გეგმებსა და განზრახვებთან დაკავშირებით. ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაერთიანებს და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევის დასაძლევად საუკეთესო გზის პოვნას.
კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ დამამცირებელ განცხადებას, რომელიც ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიმართ არის მიმართული“, - დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.