Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის იარაღის პრაქტიკულად ამოუწურავი მარაგები გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნაზე საუბრობს.

ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს საშუალო და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად ამოუწურავი რაოდენობა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ქვეყანას ამ ან ნებისმიერ სხვა პოტენციურ ომში დასჭირდებოდა.

„იმ მოღალატე ნაძირალებისთვის, რომლებიც ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობენ, მინდა განვაცხადო: ჩვენ პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს საშუალო და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალა - გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სხვა ომისთვის ოდესმე დაგვჭირდება (რაც, დიდი ალბათობით, საერთოდ არ მოხდება). ამასთან, ჩვენ საბრძოლო მასალას უპრეცედენტო მასშტაბით ვაწარმოებთ. ვქმნით მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის. 

ამ საბრძოლო მასალას ახლა ჩვენთვის, აშშ-სთვის ვინახავთ და სხვებზე აღარ ვყიდით, თუმცა მოკავშირეებისთვის მისი გაყიდვა მალე კვლავ განახლდება“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, წინა ხელისუფლებამ უკრაინას სრულიად უფასოდ ბევრად მეტი შეიარაღება გადასცა, ვიდრე ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ევროპისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ბაიდენმა მოკავშირეებს უსასყიდლოდ მისცა.

„ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უფასოდ, ვიდრე ჩვენ ირანში ამ დრომდე გამოგვიყენებია. უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უფასოდ გადაეცა - თანხა, რომლის გადახდაც ევროპას მოუწევდა, მათთვის რომ უბრალოდ ეთხოვათ. თუმცა ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მოვითხოვთ, მართალია, გარკვეული დაგვიანებით!“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.