დონალდ ტრამპი: ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

„ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ. თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რითაც მან რესპუბლიკელ კონგრესმენს თომას მესის უპასუხა.
კონგრესმენმა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა გააკრიტიკა და „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.
„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული“, - განაცხადა ტრამპმა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია 22 ივნისის ღამეს განხორციელდა.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.