Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანი „ახლო აღმოსავლეთის მოძალადე“ იყო, თუმცა ახლა აღარ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც სხვა ლიდერები მშვიდობაზე საუბრობდნენ, მან „მშვიდობა დაამყარა“.

„როგორც ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ერის პრეზიდენტს, არ მაქვს სურვილი, საფრთხეები მომავლისთვის უყურადღებოდ დავტოვო. არ მიმაჩნია სწორად პრობლემების უგულებელყოფა და მათი გამწვავების დაშვება; ასეთ დროს მათი მოგვარება მხოლოდ რთულდება. სანამ სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვმოქმედებდი“, - განაცხადა ტრამპმა.

„არ არსებობს იმაზე უკეთესი მაგალითი საფრთხისა, რომელსაც ძალების მოკრების საშუალება მიეცა მთელი მსოფლიოს რისკის ფასად, ვიდრე ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორი - ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, მაგრამ ახლა აღარ არიან“, - აღნიშნა მან. 

აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ დიდი ხანია, პირობა აქვს დადებული, არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება. მისი თქმით, გასულ წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ პრობლემის დიპლომატიური გზით გადასაჭრელად მოლაპარაკებების ინიციატივა მაინც წამოაყენა. 

„მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ეს დიდი შეცდომა იყო“, — განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება, 2025 წლის ივნისში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განეხორციელებინა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ დარტყმების შემდეგ ირანმა უარი თქვა შეთანხმების დადებაზე და, ამის ნაცვლად, დაიწყო „რაკეტებისა და დრონების უზარმაზარი მარაგის შექმნა, რაც საფრთხეს უქმნიდა რეგიონში მყოფ თითოეულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურესა და იქ მყოფ ყველა სხვა ადამიანს“.

„მათ ასევე შექმნეს რაკეტა, რომელსაც ევროპამდე მიღწევა შეეძლო და ამით ძალიან ამაყობდნენ. იმედია, ევროპელებმა ეს გააცნობიერეს“, - განაცხადა ტრამპმა.