დონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ უკვე გაიხსნა, სრულად კი 19 ივნისს გაიხსნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ უკვე ნაწილობრივ გაიხსნა.
ტრამპის თქმით, სრუტე 19 ივნისს სრულად გაიხსნება - იმ დღეს, როდესაც მხარეები შეთანხმების უფრო სიმბოლურ ხელმოწერის ცერემონიას გამართავენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადებები ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა, ვერსალში მიმდინარე G7-ის სამიტის ფარგლებში.
ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოსვლა კამერების წინ მას შემდეგ, რაც ირანთან შეთანხმება გაფორმდა.
როგორც მედია წერს, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს „ძალიან კარგი ურთიერთობა“ ჩამოუყალიბდა ირანის „ახალ ხელმძღვანელობასთან“ და კვლავ აღნიშნა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეჟიმი კვლავ ხელისუფლებაში რჩება.
ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში „ბევრი კარგი რამ“ მოხდება და საწვავის ფასებმა უკვე კლება დაიწყო.
მან ხაზი გაუსვა, რომ კვირას მიღწეული შეთანხმების მთავარი შედეგი ის არის, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის.
ირანი დიდი ხანია აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს. მსგავსი ვალდებულება მან უკვე აიღო 2015 წელს, რომელსაც ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა და რომლისგანაც აშშ 2018 წელს გავიდა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, „დავბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ“, რაც აშშ-ის სამხედრო კამპანიაზე მინიშნება იყო. მიუხედავად ამისა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომის განახლება საჭირო არ გახდება, რადგან ფიქრობს, რომ შეთანხმება იმუშავებს.