Loading data...
დონალდ ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვენესუელის ლიდერს დელსი როდრიგესს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეხვდა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული რეიდის დროს ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

როდრიგესმა შეხვედრას ისტორიული ნაბიჯი უწოდა აშშ-თან ენერგეტიკის, სამთო-მოპოვებითი საქმიანობისა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირების გაძლიერების გზაზე.

„ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს ისტორიული ურთიერთობა აკავშირებთ. ამ ახალ ეტაპზე კი ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობა დიალოგის გზით წარვმართოთ“, - განაცხადა მან მოლაპარაკებების შემდეგ Telegram-ში.

როდრიგესმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია გაატარებს დიპლომატიურ კურსს, რომელიც ვენესუელელებისთვის „კონკრეტულ შედეგებსა და კოლექტიურ სარგებელზე“ იქნება ორიენტირებული.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როდრიგესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მდივანი სკოტ ბესენტი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზი უაილსი და პრეზიდენტის თანაშემწე და აპარატის უფროსის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში სტივენ მილერი.

ვენესუელის დელეგაციის შემადგენლობაში კი იყვნენ ეკონომიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი, ნავთობის მინისტრი და სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს წარმომადგენლები.