დონალდ ტრამპი: Forbes Magazine-ის უნიჭო ჟურნალისტი ჩემზე ყალბ ამბებს ავრცელებს

დონალდ ტრამპი, ამჯერად, Forbes Magazine-ის ჟურნალისტს აკრიტიკებს და მას „უნიჭოს“ უწოდებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, დენ ალექსანდერი მასზე ყალბ ამბებს ჰყვება ისე, რომ მათ სისწორეში ეჭვიც არ შეაქვს და გადამოწმებასაც კი არ ცდილობს.
„როგორც ჩანს, ეს საშინლად უნიჭო მწერალი მნიშვნელოვან სამსახურს ვერ შოულობს ამ სფეროში და ცდილობს, ჩემზე იმდენად არაზუსტი ამბები მოჰყვეს, რომ სასაცილოც კია“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში და დასძენს, რომ დენ ალექსანდერის მსგავსად, სხვა მედია საშუალებებიც არიან გადასული ყალბი ისტორიების მოგონებაზე.
„მათ არ სურთ ფაქტები და ყველაფერში ძალიან არაზუსტები არიან (განზრახ!). მეგონა, რომ Forbes Magazine უკვე, მკვდარი იქნებოდა, მაგრამ - არა! ის დაავადებასავით ვრცელდება. განა, ის იმ ერის საკუთრება არაა, რომლის მიმართაც მტრულადაა განწყობილი?“, - კითხვას სვამს ტრამპი და აღნიშნავს, რომ „ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ცუდი რეპორტიორები გყავს, ბოროტი განზრახვით“. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „საბოლოოდ, ეს გამოცემაც მოკვდება. სიხარულით ვნახე ეს და არაერთხელ და არაერთხელ!“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, CNN-ის ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ის ძაღლივით უნდა გააგდონ!“
„სამი დღე ვუყურებდი, როგორ ამზადებდა ყალბ ამბებს ნატაშა ბერტრანი. ის დაუყოვნებლივ უნდა გაკიცხონ, შემდეგ კი, ძაღლივით გააგდონ!“, - თქვა დონალდ ტრამპმა.