დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს: დღეს უკვე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და თქვენთან შეხვედრის დასრულების შემდეგაც, მას უნდა დავურეკო!

ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ისინი ევროპელ ლიდერებს შეხვდნენ.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგაც, მასთან კომუნიკაციას აპირებს.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა.
„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის ვაშინგტონში ლიდერებთან დღეს განიხილავს, არის „თუ ვინ რას გააკეთებს“.
„ჩვენ, ასევე, უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლა. ასეთი გაცვლები უნდა მოხდეს ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ომის ზონას, ომის ხაზებს, რომლებიც ახლა, საკმაოდ აშკარაა“, - დასძინა მან.