დონალდ ტრამპი: ჩინეთში ქარხნები, ეტაპობრივად, იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას აღარ ვიღებთ

„აშშ-ს არ სურს ჩინეთის პროდუქცია, სანამ პეკინი ვაშინგტონის მიმართ სამართლიანი არ გახდება,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი. პრეზიდენტის თქმით, ჩინეთში ქარხნები, ერთმანეთის მიყოლებით, იხურება. „ტარიფები აშშ-ის ინვესტიციებს ასტიმულირებს, ჩინეთისას კი - აზიანებს,“ - აღნიშნავს ის.
აპრილის დასაწყისში, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქვეყანამ 7 ტრილიონ დოლარზე მეტი, კერძო ინვესტიცია მოიზიდა. კომპანიების ჩამონათვალში მოხვდა Apple, Eli Lilly და Stargate. ამერიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, ასევე, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და იაპონიამ.
„გავიგე, რომ „სამსუნგი“ ახლა, ტარიფების გამო, აშშ-ში, მასშტაბური ობიექტების აშენებას აპირებს, ჩვენ რომ ტარიფები არ დაგვეწესებინა, ისინი ამას არ გააკეთებდნენ,“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.
30 აპრილს დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს შეხვდა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას გაუსვა ხაზი. „აშშ-ის შემოსავალი, თითქმის, 8 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, ჩვენ ვლიდერობთ წარმოების ყველა პლატფორმაზე, მოვიცავთ ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს, მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, მსგავსი რამ არავის უნახავს.“ - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინეთი „ახლა ძალიან ცუდად მუშაობს“ აშშ-სთან სავაჭრო ომის პერიოდში.