Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენსი ირანს სამედიცინო მარაგების მიწოდებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ირანთან კომუნიკაცია სამედიცინო მარაგების მიწოდებაში დახმარებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ამგვარად, ტრამპი გამოეხმაურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვენსმა თეირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოთხოვნით წერილი მისწერა.

ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „თასნიმმა“ 29 ოქტომბერს დაწერა, რომ ირანმა ვენსისგან წერილი მიიღო, თუმცა მასზე პასუხი ჯერ არ გაუცია. სააგენტოს ცნობითვე, თეირანი აშშ-ისგან საკუთარი პირობების შესრულებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ამ ჩარჩოს ეწინააღმდეგება, მიუღებელია“.

მანამდე The Wall Street Journal და The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ვენსმა ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელს მოჰსენ რეზაეის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლების მოთხოვნით წერილი გაუგზავნა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ვენსმა წერილი ტრამპის მითითებით გაგზავნა. როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მისცა თუ არა მან ვენსს მითითება, დაკავშირებოდა ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „არა“.

„საქმე ისაა, რომ მათ დახმარება სჭირდებათ სამედიცინო მარაგებისა და სხვადასხვა პროდუქციის სახით. მან [ვენსმა] მკითხა, რას ვფიქრობდი. მე ვუპასუხე: „თუ ამის გაკეთება გსურს, სავსებით მისაღებია“. არსებითად, საუბარია მარაგების მიწოდებაზე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ავად არიან“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.