დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები და შუალედური არჩევნების შემდეგ შეთანხმების გაფორმებას ელის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტში შემდგომი ნაბიჯების თაობაზე „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები“.
„დაიდება, თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მას აღდგენისა და იმაზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს, ვიდრე ოდესმე ყოფილა? თუ ისლამური რესპუბლიკა უნდა გავანადგურო - თანაც სწრაფად - და არასდროს მივცე მათ შანსი, კვლავ დახოცონ ხალხი და გაანადგურონ ქვეყნები? მჯერა, რომ არჩევნებისთანავე შეთანხმებას მივაღწევთ“, — განაცხადა ტრამპმა, რითაც მიანიშნა ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე.
მან აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნების გამო ზეწოლას არ განიცდის.
„ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მე არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ და კიდევ ორ-ნახევარი წელი აქ ვიქნები. ირანის საკითხში არჩევნებს აბსოლუტურად არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და არც მივანიჭებ. ერთადერთი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, — განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალის დეფიციტი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება საპირისპირო ინფორმაცია. მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სწრაფად აწარმოებს დამატებით შეიარაღებას. „ჩვენ შევძლებთ მოკავშირეების მომარაგებას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ამჟამად ვაკეთებთ“, - დასძინა მან.
ტრამპმა მოუწოდა ქვეყნებს, შეუერთდნენ აშშ-ს „ირანის სრული ეკონომიკური იზოლაციის უზრუნველყოფაში, ვიდრე ის არ შეწყვეტს კომერციულ გემებზე თავდასხმებს, უარს არ იტყვის ბირთვულ ამბიციებზე და არ შეწყვეტს ტერორიზმის მხარდაჭერას“.
„ტერორისტული რეჟიმი ცუდად იქცევა - არა იმიტომ, რომ ძლიერი და თავდაჯერებულია, არამედ იმიტომ, რომ სუსტი და სასოწარკვეთილია. თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ, მალე ვიხილავთ მსოფლიოს, რომელიც გათავისუფლებულია ირანული ტერორის ბოლო 51-წლიანი საფრთხისგან, ხოლო ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, იმაზე დაბლაც კი, ვიდრე კონფლიქტის დასაწყისში იყო. გამბედაობითა და სიმტკიცით ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია დიდი ცვლილებები, თანაც სწრაფად“, - აღნიშნა მან.