დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადის დაწესების გეგმა სპარსეთის ყურის ქვეყნების დაჟინებით მიატოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი სატვირთო გემებისთვის გადასახადის დაწესების გეგმაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ეს გეგმა დაიწუნა და სანაცვლოდ აშშ-ში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.
„დამირეკეს სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მეფეებმა, ემირებმა და ყველამ, ვისაც ვიცნობთ და პატივს ვცემთ“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს - „მითხრეს, რომ ამის გაკეთება სხვა გზით სურდათ“.
ტრამპის თქმით, ეს გადასახადი რეალურად აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება იქნებოდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტე არ სჭირდება ისე, როგორც მის მოკავშირეებს, მიუხედავად იმისა, რომ სრუტის შესაძლო ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
„ჩემთვის არასდროს ყოფილა სამართლიანი, რომ ჩვენ ვიცავდით სრუტეს, მაშინ როცა, ფაქტობრივად, იქიდან არაფერს ვიღებთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საბოლოოდ სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ აშშ-ში ინვესტიციების განხორციელების შეთავაზება უკეთესი იდეაა.
„ეს ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. ვფიქრობ, ეს რეალურად ბევრად უკეთესია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს ამბობს და გადასახადი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით ჩანაცვლდება, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.