დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე შესაძლოა, 4 აგვისტოს გაიხსნას
შეერთებული შტატები და ირანი მოლაპარაკებებში სწრაფ პროგრესს აღწევენ და ჰორმუზის სრუტეში ნორმალური გადაზიდვების სრულად აღდგენას 4 აგვისტოდან განიხილავენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ სრუტეზე, მის გახსნაზე ხვალისთვის. საუბარია სრულად გახსნაზე“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრუტეში გადაადგილება ყველა გემისთვის უფასო იქნება, რადგან შეერთებულმა შტატებმა ამ საზღვაო მარშრუტზე სრული კონტროლი დაამყარა და ირანს გადასახადების აკრეფის უფლებას არ მისცემს.
„არ დავუშვებ, რომ მათ რაიმე გადასახადი დააწესონ. ისინი არანაირ საფასურს არ დააწესებენ, ჩვენ არანაირ საფასურზე არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, ნორმალური გადაზიდვების აღდგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება, რის შემდეგაც მხარეები მეორე ეტაპზე - თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე - გადავლენ.
„მეორე ეტაპი იქნება ბირთვულ პროგრამაზე საუბარი. ირანის დენუკლეარიზაცია უნდა მოხდეს; მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ფლობა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.