Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ გაანადგურებს ირანს, თუ ის ომის ესკალაციას გადაწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებს, თუ ის ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციას გადაწყვეტს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, ის უკანასკნელი ადამიანია, ვინც ირანს ენდობა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანმა ის არაერთხელ მოატყუა. 

„ირანს არ ვენდობი. რატომ? გინდათ, თქვათ, რომ ირანს ვენდობი? მე ვარ უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ირანს ენდობა. ისინი მუდმივად მატყუებდნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მან ასევე დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი აიღო. ამ ფონზე, მან ივარაუდა, რომ ირანი შეიძლება ახალ ესკალაციაზე წავიდეს, რათა ამერიკელ სამხედროებს ხელი შეუშალოს.

„რაღაც მომენტში მათ შეიძლება რაღაც გააკეთონ და შემდეგ უბრალოდ განადგურდნენ. მაგრამ ახლა ჩვენ ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელიც 50 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში წამყვანი მოძალადე იყო... ახლა კი ისინი აღარ არიან ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი მოძალადეები“, - დაასკვნა ტრამპმა.