დონალდ ტრამპი: არ ვფიქრობთ, რომ რუსეთში დაფიქსირებული ჭირის შემთხვევა ბიოლოგიურ იარაღთან კავშირში იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შავ ჭირის კვლევით ლაბორატორიაში რუსი თანამშრომლის გარდაცვალება, როგორც ჩანს, ბიოლოგიურ იარაღს არ უკავშირდება. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, საუბარია, თუ არა „ბიოლოგიურ იარაღზე“ რუსეთში შავი ჭირის კონტექსტში, ტრამპმა აღნიშნა: „ამას მალე გავიგებთ, თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ“.
ტრამპის თქმით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკელი კოლეგები დაარწმუნეს, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა.
მან ასევე აღიარა გარკვეული მსგავსება იმასთან, თუ როგორ ამტკიცებდნენ ჩინეთის ოფიციალური პირები 2020 წლის დასაწყისში, რომ მათ მოახერხეს COVID-19 ვირუსის შეკავება, სანამ ის გლობალურ პანდემიად გადაიქცეოდა.
„ჩინეთს ბევრი არაფერი უთქვამს და რუსეთიც ბევრს არაფერს ამბობს. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებისგან ამ შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ელოდება და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ჩქარობდა მის გაზიარებას.
„ახლახან შევხვდი ჩვენს სპეციალისტებს. ბრწყინვალე ექსპერტები გვყავს. მათ ყველაფერი იციან იმის შესახებ, რაც ხდება და მთელი ეს ინფორმაცია სწორედ მათ ხელში გადის“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.