Loading data...
დონალდ ტრამპი: არ ვდარდობ, რომ რუსეთი ნატოს თავს დაესხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ რუსეთი შესაძლოა, ნატოს ქვეყნებს თავს დაესხას. ამის შესახებ მან Axios-ს სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა. 

გამოცემის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მოსკოვმა შესაძლოა, შეზღუდული თავდასხმის, ან სხვა სამხედრო პროვოკაციების გზით გამოცადოს ნატოს სიმტკიცე, ასევე, ტრამპის ერთგულება მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 25 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ის თავის რუს კოლეგას სერგეი ნარიშკინს შეხვდა. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიზიტის მიზანი იყო მოსკოვის გაფრთხილება ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის წინააღმდეგ.

თუმცა ტრამპმა უარყო ეს ვარაუდები და Axios-ს განუცხადა, რომ რეტკლიფს მსგავსი გაფრთხილება არ გაუჟღერებია.

„მე არ ვდარდობ ამაზე... საერთოდ. არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - უპასუხა თეთრი სახლის ლიდერმა გამოცემას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციის შესახებ დასმულ კითხვაზე.

ტრამპმა რეტკლიფის ვიზიტს „ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა“ უწოდა და გაოცება გამოთქვა ამ ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების გამო.

„რეტკლიფი თავის რუს კოლეგას ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ ხვდება. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. არანაირი გზავნილი არ ყოფილა და არაფერი უჩვეულო არ მომხდარა“, - აღნიშნა მან.

მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს.