Loading data...
დონალდ ტრამპი: არ მინდა პრობლემის შექმნა, თუმცა ვისურვებდი გაერთიანებული ირლანდიის ნახვას

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირლანდიის გაერთიანების ინიციატივით გამოდის. დუბლინში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ თემის სენსიტიურობის მიუხედავად, ორივე მხარეს ჰყავს მეგობრები და ეს ნაბიჯი „ყველასთვის დიდი წარმატება“ იქნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს.

„არ მინდა რაიმე პრობლემა შევქმნა, თუმცა გეტყვით, რომ ვისურვებდი მის გაერთიანებას. ორივე მხარეს მყავს მეგობრები. ირლანდიელები შესანიშნავი ხალხია - განა შეიძლება ისინი ცუდები იყვნენ? ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯი და ღირსების საქმე იქნებოდა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. რა თქმა უნდა, ამ საკითხში თავისი სიტყვა დიდ ბრიტანეთსაც ექნება სათქმელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი?“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერი დუბლინის აეროპორტში დღეს ჩაფრინდა, სადაც მას ირლანდიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ. ტრამპის დღის წესრიგში ოფიციალური შეხვედრების გარდა, გოლფის ტურნირზე დასწრებაც შედის.

ცნობისთვის,ირლანდია ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად პროპალესტინური ქვეყანაა. ივლისში ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასახლებებთან საქონლით ვაჭრობას ზღუდავს. აღნიშნული კანონი ამერიკელმა კანონმდებლებმა და აშშ-ის ელჩმა ირლანდიაში გააკრიტიკეს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი აშშ-სთან პოლიტიკურ უთანხმოებებს აქამდე ერიდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები ათწლეულებს ითვლის. ამერიკული კორპორაციები ირლანდიაში სამუშაო ადგილების 10%-ს უზრუნველყოფენ, რამაც ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.