Loading data...
დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მიესალმება იმ ფაქტს, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსეთთან დიალოგის სურვილს გამოთქვამს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მიესალმება გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სურვილს, დიალოგი გამართოს მოსკოვთან.

Reuters-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარმა ეკონომიკურმა წარმომადგენელმა და AfD-ს ხელმძღვანელობამ დაიწყეს მზადება მომავალ წელს შესახვედრად, რათა რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიწოდების განახლება განიხილონ.

როგორც Reuters-ი წერს, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმდინარე თვეში აღმოსავლეთ გერმანიაში გამართულ ორ რეგიონულ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებშიც ლიდერობს, თუმცა, ვინაიდან ის ფედერალურ პარლამენტში ოპოზიციაშია, აღნიშნული შეხვედრა გერმანიის მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას პარტია AfD-ის მიერ მოსკოვთან კონტაქტის დამყარების მიზნით განხორციელებული მცდელობების შესახებ.

„თუმცა, როგორც გერმანიის პოლიტიკური ძალა — რომელიც ამჟამად პოპულარობით სარგებლობს, ზრდის სტაბილურ ტენდენციას ავლენს და ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დამყარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს — ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიმზიდველია“, — განაცხადა მან.

პესკოვის თქმით, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, თავის მხრივ, რუსეთის მიმართ მხოლოდ კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა.