დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ყაზახი კოლეგის წინადადებას უკრაინაში ომის „გაყინვის“ შესახებ უარით უპასუხა
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის წინადადებას უკრაინაში ომის „გაყინვის“ შესახებ უარით უპასუხა.
„რა თქმა უნდა, მან უპასუხა. მან ყველაფერი დეტალურად უამბო სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინაში მიმდინარე ომის] შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა რეაგირება ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს თოყაევის წინადადებაზე მასთან შეხვედრის დროს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, კიევის პოზიციის გათვალისწინებით, „გაყინვა, როგორც ასეთი, შეუძლებელია“.
„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პესკოვმა გაიხსენა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების პირობები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი წლის წინ განსაზღვრა.
„ისინი მკაფიო და თანმიმდევრულია. ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება დღეს, დღის ბოლომდე შეწყდეს, თუ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.