1764944125
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი გააგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ თუ მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას ვერ შეძლებს
კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მისი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება“, - ასე უპასუხა პესკოვმა კითხვას, რომლის თანახმადაც „რა მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი კიევი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობების მიღებაზე“.
მისივე თქმით, რუსულ ძალებს კარგი დინამიკა აქვთ.
„ამიტომ, თუ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას, გავაგრძელებთ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ „რუსეთის პოზიცია ნათელია და ალასკის სამიტის შემდეგ არ შეცვლილა“.