დიმიტრი პესკოვი: პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის სამიტი მხოლოდ მოლაპარაკებების ბოლოს შეიძლება შედგეს
რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს - ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მხოლოდ „შეთანხმებების ფორმალიზებისთვის“ არის შესაძლებელი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტის იდეა უკვე დიდი ხანია, არსებობს და თქვენ კარგად იცით ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია: ასეთი შეხვედრა მხოლოდ შეთანხმებების ფორმალიზების მიზნით არის შესაძლებელი. შეთანხმებები კი სულაც არ არის პრიმიტიული გარიგება; ეს არის დარეგულირების ძალიან რთული პროცესი, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრას ამ ყველაფრის განსახილველად აზრი არ აქვს და ამ დონეზე მხოლოდ შეთანხმებების საბოლოო გაფორმებაა შესაძლებელი.
მანამდე Axios-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის საკითხი წამოჭრა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია. პესკოვმა განაცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებს შორის კონტაქტებს უკავშირდებოდა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ყოფნის დროს ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.