დიმიტრი პესკოვი: პუტინი ტრამპთან შესახვედრად მზადაა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუ ოფიციალური მოლაპარაკებების ჩატარების თაობაზე კონკრეტული შეთანხმება მიიღწევა. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, იუწყება რუსული მედია.
„პუტინი კვლავ მზადაა ტრამპთან ახალი შეხვედრისთვის“, - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ოფიციალური შეთანხმების გარეშე, რუსეთის ლიდერსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია.
ამ ფონზე, პესკოვმა გაიხსენა, რომ მოსკოვის პოზიცია პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უცვლელი რჩება.
„თუ მას [ზელენსკის] სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ექსპერტების დონეზე მუშაობამდე პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს დროის ფუჭად კარგვა იქნება.
„უკრაინის საკითხზე მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლის წინაპირობა ჯერ არ არსებობს, თუმცა რუსეთი მათთვის კვლავ ღიაა“, - დასძინა მან.