Loading data...
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნაადრევია კომენტარის გაკეთება ცნობებზე, რომ აშშ და უკრაინა ომის დასრულების მცდელობების ფარგლებში საჰაერო დარტყმების შესაძლო შეჩერებას განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნაადრევია კომენტარის გაკეთება იმ ცნობებზე, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა ომის დასრულების მცდელობების ფარგლებში საჰაერო დარტყმების შესაძლო შეჩერებას განიხილავენ.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს ცნობები, ან საიდან მოდის ის. ეს მხოლოდ გაზეთების ცნობებია და სხვა არაფერი. ამიტომ ამ ეტაპზე მათზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია“, - განაცხადა მან.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის რეაქცია ნებისმიერ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, შეესაბამება, თუ არა ის მოსკოვის ინტერესებს.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ახალი ფორმულების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება. დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, შემოთავაზებული იქნება ზოგიერთი ფორმულა, ან წინადადება. რა მოხდება შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად შეესაბამება ისინი ჩვენს ინტერესებს“, - დასძინა კრემლის წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს საჰაერო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელსაც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ახალი მცდელობის ფარგლებში რუსეთს წარუდგენენ.