დიმიტრი მედვედევი: კიევთან დაკავშირებით წესები აღარ არსებობს
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ქალაქებზე თავდასხმების გახშირების გამო, რუსი სამხედროებისთვის ბრძოლაში წესები აღარ არსებობს.
მედვედევის თქმით, ის, რაც რუსეთისთვის მიუღებელია, არის მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ განადგურება.
„ჩვენს ქალაქებზე მტრის მიერ განხორციელებული მასიური ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, რომელთა ინტენსივობა იზრდება და ცხადია, კვლავაც გაიზრდება, დროა ღიად განვაცხადოთ, რომ ნეონაცისტურ კიევთან დაკავშირებით აღარ არსებობს არანაირი წესი და არც შეიძლება იყოს“, - განაცხადა მედვედევმა.
ინფორმაციისთვის, 18 ივნისს რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის შეტევა ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მასშტაბური იყო. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ განადგურებულია თითქმის 200 დრონი.
მერმა ერთი დაჭრილის შესახებაც განაცხადა.
იერიშის გამო მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა. ასევე დაიკეტა მოსკოვის ოთხივე აეროპორტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა დაადასტურა.
მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დედაქალაქში მდებარე კაპოტნეს ქარხანაზე იერიში მეორედ მიიტანეს.