დიმიტრი მედვედევი: ამჟამად რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა
ამჟამად რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, იტყობინება UNIAN-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
„ამჟამად ჩვენ ნამდვილად ვიმყოფებით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ წვლილს შეიტანთ ჩვენს გამარჯვებაში“, - მიმართა მან ახალგაზრდა რუს სამხედროებს ფრონტზე გაგზავნამდე.
სიტყვით გამოსვლისას მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება „რთული და რისკის შემცველია“, თუმცა ეს „ხაზს უსვამს სამშობლოსადმი ნამდვილ სიყვარულს“.
„ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის - გაუფრთხილდით საკუთარ თავებს. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - დასძინა მედვედევმა.