Loading data...
Die Welt: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე გეგმავენ, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის გახდა ცნობილი.

ახალი პაკეტი ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებას და აქტივების გაყინვას, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვების გაყვანასა და მათ იდეოლოგიურ აღზრდაზე;

დიპლომატების თქმით, დამატებითი სანქციები, ასევე, იგეგმება ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებში.

გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული სანქციების გვერდის ავლისთვის არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

როგორც მედია წერს, ბრიუსელი რუსული ურანის იმპორტის აკრძალვას და შესაბამისად, რუსეთის ატომური ენერგიის ფედერალური სააგენტოსთვის (როსატომისთვის) სანქციების დაწესებას განიხილავს. ამას დიდი ხანია ევროკავშირის მრავალი სახელმწიფო მოითხოვს, თუმცა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და ბელგია, კვლავ წინააღმდეგობას უწევენ.