Loading data...
დიდმა ბრიტანეთმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ჯარები გაგზავნა - Politico

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელში ჯარები გაგზავნა, რათა ღაზაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. 

ისინი შეუერთდებიან ისრაელში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ სამუშაო ჯგუფს. ეს ჯგუფი აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და ხელს უწყობს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაციას შეუერთდა „ბრიტანელი დაგეგმვის ოფიცრების მცირე ჯგუფი“, მათ შორის გენერლის წოდების მქონე მეთაურის მოადგილე.

„დიდი ბრიტანეთი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, რათა ნახოს, თუ სად შეუძლია დიდ ბრიტანეთს საუკეთესო წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში“, - აღნიშნა მან.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ ქვეყნის შემდგომი წვლილის დასადგენად სამუშაოებს დიდი ბრიტანეთის მეთაურის მოადგილე უხელმძღვანელებს.

Politico-მ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობა მხარს უჭერს ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას. სტარმერის თქმით, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ღაზას სტაბილიზაციის მცდელობებში, როგორც მონიტორინგის პროცესში წვლილის შეტანით, ასევე „ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევით, ჩრდილოეთ ირლანდიაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ღაზაში ბრიტანული ჯარების შეყვანის გეგმები არ არსებობს და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ოფიცრები არ იგზავნებიან.

გამოცემა Axios-ის ცნობით, ღაზაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ტრამპისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევაა. თუმცა, მისი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სიტუაცია იმდენად არასტაბილურია, რომ მხოლოდ მკაცრი კონტროლი უზრუნველყოფს მშვიდობის შენარჩუნებას.