Loading data...
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის მარაგების გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

„გადავწყვიტეთ, წარმოება უფრო მოქნილი გავხადოთ, რათა ჩვენი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით ვამუშაოთ; პარტნიორებთან ერთად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციით, ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული მარაგები 100 მილიონ ბარელამდე გამოვათავისუფლოთ, ასევე, არ მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას შეზღუდავს“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

„ევროპა ახლახან შეთანხმდა დიზელის საწვავის დიდი მარაგის გამოთავისუფლებაზე. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, საგანგებო შემთხვევებისთვის შექმნილი დიზელის მარაგებიდან საწვავი გამოეთავისუფლებინათ, რათა ხელი შეეწყოთ საწვავის მსოფლიო ფასების შემცირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესებით დაიმუქრა.