„დიდი დანაკარგები“ - რუბიომ დაასახელა ივლისში უკრაინის მიერ განადგურებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინამ მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში 20 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურა, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძვირი დაუჯდათ ომი რუსებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი ახლა ცდილობს ორი მეომარი სახელმწიფოს პოზიციებს შორის „ოქროს შუალედის“ პოვნას.
როგორც რუბიო აცხადებს, ომი გაცილებით რთულდება: რუსები კვლავ მიიჩნევენ, რომ მათ „იმპულსი აქვთ“, უკრაინელები კი თავს იცავენ, რაც რუს სამხედროებს დიდ დანაკარგებს აყენებს.
„ვფიქრობ, მხოლოდ გასულ თვეში, ამ ომში ერთ თვეში 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამგვარად, უკრაინელებმა რუსებს უზარმაზარი ზიანი მიაყენეს“, - აღნიშნა მან.
რუბიომ დასძინა, რომ ორ მხარეს შორის შერიგების საკითხი რთულია, მაგრამ აშშ არ ნებდება.
„ეს რთული საკითხია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას, რადგან პრეზიდენტმა პრიორიტეტად აქცია ომის შეჩერება, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.