დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგას განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მის ტერიტორიაზე „მტრულ ქმედებებს არ მოითმენს“
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის პირისპირ შეხვედრის დროს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „არ მოითმენს დაშინებას, მუქარას, ან მტრულ ქმედებებს“ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე თეირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში არაღჩისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მინისტრებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მნიშვნელობა და დიდი ბრიტანეთის „ურყევი გადაწყვეტილება, ებრძოლოს მის ტერიტორიაზე ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს“.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღჩის განუცხადა, რომ ირანმა ომის გაგრძელების ნაცვლად დეესკალაცია და დიპლომატია უნდა აირჩიოს. მან ხაზი გაუსვა ნავიგაციის თავისუფლების აღდგენისა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ხანგრძლივი ბლოკადის გავლენას გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მილიბენდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდ ბრიტანეთში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან, კერძოდ, ბრიტანეთის ებრაულ თემზე თავდასხმებთან ბრძოლის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი ერთგულება.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს დაშინებას, მუქარას, ან მტრულ ქმედებებს საკუთარ ტერიტორიაზე და წარმოადგინა მთავრობის მიერ საპასუხოდ გატარებული ზომები“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.