დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სპარსეთის ყურის ლიდერებთან რეგიონული დაძაბულობის ფონზე სატელეფონო საუბრები გამართა
დაუნინგ-სტრიტის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ბოლო 24 საათი სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან საუბარში გაატარა.
მან რეგიონულ პარტნიორებთან თავდაცვისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება, ასევე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დეესკალაციის მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა განიხილა.
როგორც დაუნინგ-სტრიტის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ქუვეითის ლიდერებს ესაუბრა.
ცალკეული სატელეფონო ზარების დროს მან დაგმო ირანის ბოლოდროინდელი თავდასხმები საუდის არაბეთსა და ქუვეითზე, მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქვეყანაში მცხოვრები ბრიტანელი მოქალაქეების დაცვაში დახმარებისთვის და მიესალმა საამიროების ძალისხმევას შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მხარდასაჭერად.
ამასთან, ბერნემმა სპარსეთის ყურის ლიდერებს განუცხადა, რომ მას რეგიონთან ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება სურს, რათა ხელი შეუწყოს ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას მთელ გაერთიანებულ სამეფოში. მან საუდის არაბეთთან და ქუვეითთან თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო პარტნიორობა განიხილა.