Loading data...
დიდი ბრიტანეთის მეფე აპრილის ბოლოს შეერთებულ შტატებს ეწვევა

ბუკინგემის სასახლის განაცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მეფის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი შეერთებულ შტატებში შედგება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევიან.

„მისი უდიდებულესობის მთავრობის რჩევით და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიწვევით მეფე და დედოფალი სახელმწიფო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევიან“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

„მათი უდიდებულესობების ვიზიტის პროგრამა ფოკუსირებული იქნება გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ისტორიულ კავშირებსა და თანამედროვე ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღნიშვნაზე“, - განაცხადა სასახლის პრესსამსახურმა.

ბუკინგემის სასახლის ცნობით, შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ მეფე ბერმუდის კუნძულებზე გაემგზავრება.

ეს მონარქის რანგში მისი პირველი სამეფო ვიზიტი იქნება დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე.