დიდი ბრიტანეთი სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის
დიდი ბრიტანეთი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ერთი დღით ადრე გაეროს უშიშროების საბჭომ, მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ალ-შარაას შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, ევროკავშირმა კი დაადასტურა, რომ ანალოგიურ პოზიციას დაიკავებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ის ასევე ხსნის სანქციებს სირიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანას ხატაბის წინააღმდეგ.
ორივე მათგანი ადრე „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაეროს გადაწყვეტილება ევროკავშირის ზომებში აისახება.
დიდმა ბრიტანეთმა სირიის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი აპრილში მოხსნა, ევროკავშირმა კი მაისში ეკონომიკური სანქციები გააუქმა, თუმცა იარაღთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში დატოვა.
„ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან და ინკლუზიურ, სირიელების ხელმძღვანელობითა და მათ საკუთრებაში არსებულ გარდამავალ პროცესს, რათა ხელი შევუწყოთ ყველა სირიელისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობას“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
აჰმედ ალ-შარაა, რომელიც ადრე აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის სახელით იყო ცნობილი, სირიის პრეზიდენტი იანვარში გახდა მას შემდეგ, რაც „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ (HTS) მეთაურობით მეამბოხე ძალებმა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დაამხეს. შარაა, რომელიც ოდესღაც HTS-ის მაღალი რანგის ფიგურა იყო და ადრე „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული, 2014 წელს გაეროსა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა, რაც მოიცავდა მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და იარაღის ემბარგოს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ეს ზომები 6 ნოემბერს გააუქმა, რის მიზეზადაც HTS-სა და „ალ-ქაიდას“ შორის აქტიური კავშირების ნაკლებობა დასახელდა. ეს ნაბიჯი შარაასა და ტრამპს შორის 10 ნოემბერს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე გადაიდგა.