Loading data...
დიდი ბრიტანეთი რუსეთის თავდაცვის ატაშეს, „მავნე საქმიანობის“ გამო, ქვეყნიდან გააძევებს - Reuters

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს და რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვებს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩვენ გავაძევებთ რუსეთის თავდაცვის ატაშეს, რომელიც არადეკლარირებული სამხედრო დაზვერვის ოფიცერია“, - განუცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტს.

კლევერლიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საკუთრებას ბრიტანეთში დიპლომატიური სტატუსი ჩამოერთმევა.

„ჩვენ რუსეთის დიპლომატიურ ვიზებზე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ, მათ შორის ვზღუდავთ დროს, რომელიც რუს დიპლომატებს შეუძლიათ ქვეყანაში გაატარონ“, - განაცხადა კლევერლიმ.

როგორც დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის მავნე ქმედებებთან დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში. კერძოდ, გასულ კვირას ნატომ შეშფოთება გამოხატა იმ ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო, რომლებიც ჩეხეთს, ესტონეთს, გერმანიას, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შეეხო და რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთს უკავშირდება. 

აპრილის დასაწყისში ბრიტანელ მამაკაცს რუსეთის სასარგებლო და საკუთარი ქვეყნისთვის მტრული საქმიანობისთვის ბრალი წაუყენეს. კერძოდ, ის სხვების დაქირავებით ბრალდებულია ლონდონში უკრაინასთან დაკავშირებული კომერციული ქონების დაწვაში.

ბრალდებებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის ბრალდებები ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ აბსურდულია და საინფორმაციო ომის ნაწილს წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იგი რუსეთისგან მსგავს პასუხს ელოდა, კერძოდ, ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას „რუსოფობიასა და შეთქმულების თეორიას“ დაუკავშირებდნენ. მან საპასუხოდ აღნიშნა, რომ  ბრიტანეთის მთავრობა „სულელი არაა“.