Loading data...
დიდი ბრიტანეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 ტანკერის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

9 მაისს დიდი ბრიტანეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს. კერძოდ, სანქციების ქვეშ მოექცევა დაახლოებით 100 ტანკერი, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 9 მაისს ოსლოში ერთობლივი საექსპედიციო ძალების შეხვედრაზე განაცხადებს. 

სიაში დაახლოებით 100 ნავთობტანკერია, რომლებიც ამ ფლოტის „ხერხემალად“ ითვლებიან და რომლებმაც მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობპროდუქტები გადაიტანეს.

„ამ ფლოტის უპასუხისმგებლო ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ევროატლანტიკური სახელმწიფოების კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და გარემოს. ახალი პაკეტის თანახმად, დიდ ბრიტანეთს სანქციების ქვეშ უფრო მეტი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი ეყოლება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოვანი ფლოტი“ არა მხოლოდ უზრუნველყოფს რუსეთს შემოსავლით უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად, არამედ „ევროპაში უპასუხისმგებლო გადაზიდვების გზით კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დაზიანებაც“ შეინიშნება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს საკითხი ლიდერებს შორის ოსლოში დაგეგმილი დისკუსიების ცენტრში იქნება.

ცნობისთვის, ერთობლივი საექსპედიციო ძალები (JEF) არის კოალიცია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო. კოალიციაში შედიან ესტონეთი, ნიდერლანდები, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია და ისლანდია. კოალიცია ბალტიის ზღვის რეგიონის, შორეული ჩრდილოეთისა და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული.