დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დავაბრუნოთ
გერმანიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დიდი ბრიტანეთის დასახმარებლად, თუ ეს უკანასკნელი ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებას გადაწყვეტს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ს დიდ ბრიტანეთში გერმანიის ელჩმა სუზენ ბაუმანმა განუცხადა.
ბაუმანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ახალი გრძელვადიანი ურთიერთობის შესახებ კონსულტაციების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს „ბრექსიტის“ შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარება შეუძლია.
„ჩვენთვის, გერმანელებისთვის, დიდი ბრიტანეთი ევროპის - მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის - განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მიხაროდა იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ევროპასთან დიდი ბრიტანეთის ურთიერთობის სხვადასხვა ვარიანტზე. რა თქმა უნდა, ბრიტანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რამდენად მჭიდრო უნდა იყოს ეს ურთიერთობები. თუმცა, ნება მომეცით, მკაფიოდ აღვნიშნო: გერმანიაში ყოველთვის იპოვით პარტნიორს, რომელიც მზადაა, დაისახოს ყველაზე ამბიციური მიზნები“, - განაცხადა ბაუმანმა.