Loading data...
დიდ ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დახმარებაშია ეჭვმიტანილი - BBC

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა მამაკაცი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დახმარებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

64 წლის ჰოვარდ ფილიპსი ლონდონის ცენტრში დააკავეს.

მედიის ცნობით, გამომძიებლებმა მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჰოვარდ ფილიპსი დიდ ბრიტანეთში ახლახან ამოქმედებული ეროვნული უსაფრთხოების აქტის საფუძველზე დააკავეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების დაკავება შესაძლებელია ორდერის გარეშე, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი „უცხო ძალების საფრთხის შემცველ საქმიანობაში“ მონაწილეობენ.

პოლიცია დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს. ბრალდება, რომლითაც მამაკაცი დააკავეს, მოიცავს „უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მატერიალურ მხარდაჭერას“.

პოლიციამ განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის რაიმე საფრთხე არ არსებობს.

ცნობისთვის, აპრილში დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ორი პირი დააკავეს, რომლებიც ლონდონში, უკრაინულ ბიზნესთან დაკავშირებულ შენობაში ცეცხლის გაჩენაში არიან ბრალდებულები.