Loading data...
დიდ ბრიტანეთში აღიარეს, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში შეცდომით 90-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლეს - SkyNews

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ აღიარა, რომ 2025 წლის აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში ციხეებიდან შეცდომით 90-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ამის შესახებ SkyNews-ი იუწყება.

უფრო კონკრეტულად კი, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე ბრიტანეთის ციხეებიდან შეცდომით 91 ადამიანი გაათავისუფლეს.

იუსტიციის მინისტრმა დევიდ ლემიმ თემთა პალატის წევრების წინაშე გამოსვლისას ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ „გათავისუფლების პროცედურა რადიკალურ გადახედვას საჭიროებს“. 

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული საკითხი გაერთიანებულ სამეფოში აქტუალური გახდა გასულ თვეს, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული მიგრანტის შეცდომით გათავისუფლების შემდეგ. ეთიოპიელი თავშესაფრის მაძიებლის დაკავებას ივლისში მასობრივი ანტიიმიგრაციული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ციხიდან შეცდომით გათავისუფლების შემდეგ პოლიცია მიგრანტს სამი დღის განმავლობაში ეძებდა.

საბოლოოდ ეთიოპიელი მიგრანტი ქვეყნიდან დაადეპორტეს.

მანამდე კი, დიდი ბრიტანეთის ციხეებიდან პატიმრები შეცდომით გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „როიტერმა“ გაავრცელა. 

„დიდი ბრიტანეთის ციხეებიდან ყოველ კვირა შეცდომით რამდენიმე პატიმარს ათავისუფლებენ“, - აღნიშნავდა მედიასაშუალება.