Loading data...
დღეს, 6 აგვისტოს სტივ უიტკოფი რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება - Reuters

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოთხშაბათს, 6 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც აღმოჩნდა, ვაშინგტონში ოფიციალურმა პირებმა უიტკოფის გეგმებთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაამჟღავნეს. 

„პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, აღნიშნა, რომ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი მიმდინარე კვირაში (4-10 აგვისტო) რუსეთში გაემგზავრება, ამიტომ ამ ტრიბუნიდან საჯაროდ, შემიძლია ამის დადასტურება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა. „თუ რას შეცვლის ეს შეხვედრა, ჯერჯერობით, არ ვიცით“, - დასძინა მან.

პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, ავიაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც, სავარაუდოდ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იმყოფება, უკვე აფრინდა შეერთებული შტატებიდან.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერს დრო პარასკევამდე მისცა, რომ „უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა წინ წავიდეს და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ რუსეთს „უფრო მკაცრი“ სანქციებით ემუქრება.