დევიდ ლემი: პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, მას ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი არ ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამჟამად უკრაინასთან სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მისი თანამდებობაზე დანიშვნის წლისთავს ეძღვნებოდა.
„ჩემი ფხიზელი შეფასებით, პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მას ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით აწარმოებს, უკიდურესად რთულია. ვვარაუდობ, რომ ერთ წელიწადში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის, მათი შეუპოვრობისა და გამძლეობის მიმართ.
„მაშინაც კი, თუ მსოფლიო მათ მიატოვებდა, ისინი მაინც აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს, იმდენად ძლიერია მათი რწმენა საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს ძალიან შთამაგონებელია“, - აღნიშნა დევიდ ლემიმ.