Loading data...
Deutsche Welle: ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს

ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

როგორც მედია იუწყება, მათი უმეტესობა ისეთი სახის პიროტექნიკაა, რომელიც მხოლოდ სპეციალისტების მიერ გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. ასევე, ამოიღეს 400 ხელნაკეთი ფოიერვერკი და 17 ათასი კომპონენტი სიგნალისა და გაზის იარაღებისთვის.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბოლო წლებში ამ სახის პიროტექნიკა არაერთხელ გამოიყენეს პოლიციელების, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და მეხანძრეების წინააღმდეგ. როგორც მედია წერს, ყველაზე ხშირად ასეთი ფოიერვერკები პოლონეთსა და ჩეხეთში იყიდება, ხოლო შემდეგ გერმანიაში მანქანით შეაქვთ, ან ონლაინ უკვეთავენ. პოლიციის ცნობით, ქვეყანაში შესაძლოა, დაახლოებით 47 ათასი ტონა უკანონო ფოიერვერკი იყოს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიაში კერძო პირებს მხოლოდ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე, აქვთ ფოიერვერკის გაშვების უფლება. პიროტექნიკის გაყიდვაც მხოლოდ დეკემბრის ბოლო დღეებშია დაშვებული.

ამასთან, აკრძალვები მოქმედებს საავადმყოფოებთან, ეკლესიებთან, ძველ შენობებთან და გარკვეულ ურბანულ რაიონებში. მედიის ცნობით, გერმანიაში ფოიერვერკის სრული აკრძალვის შესახებ პეტიციას უკვე 2,3 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო პიროტექნიკის გამოყენების სრული აკრძალვისგან ჯერ თავს იკავებს.