„დაუყოვნებელი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა“ - უკრაინის დელეგაციამ ლონდონში ტრამპის სპეცწარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრა გამართა

23 აპრილს ლონდონში ვიზიტის დროს უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინაში კიტ კელოგთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ გენერალ კიტ კელოგთან მას ჰქონდა „აზრების კონსტრუქციული გაცვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“.
„უკრაინას მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს, ომი დასრულდეს. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დაუყოვნებელი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მოლაპარაკებების დასაწყებად გადადგმული პირველი ნაბიჯი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.
„მე აღვნიშნე, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციებს მოლაპარაკებების დროს, რადგან ისინი წარმოადგენენ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველს“, - დასძინა ერმაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე კელოგთან „დიალოგისა და რეგულარული კონტაქტების გაგრძელებაზე“ შეთანხმდა.