Loading data...
დასავლეთი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებას ამცირებს

„უკრაინაში რუსეთის ყველაზე მწვავე სარაკეტო იერიშების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებები საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესახებ დასავლეთში სულ უფრო ნაკლებად პოულობს გამოხმაურებას“, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

თუ ომის საწყის ეტაპზე უკრაინის პრეზიდენტის აქტიურმა მიმართვებმა შედეგი გამოიღო და კიევმა 2023 წლიდან Patriot-ის ტიპის კომპლექსები მიიღო, ახლა ვითარება შეიცვალა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მოკავშირეების მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა.

შექმნილი მდგომარეობის მთავარ მიზეზად დასავლური ქვეყნების მიერ საკუთარი თავდაცვითი მარაგების გაფრთხილება სახელდება, რაც სხვა რეგიონებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებითა და გამოფიტული რესურსებითაა გამოწვეული. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს წარმოების ტემპიც - რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს იმაზე სწრაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთი მათ მოსაგერიებელ საშუალებებს.

მედიის ცნობით, წელს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 650 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს აჭარბებს PAC-3 ტიპის რაკეტების იმ საერთო რაოდენობას, რაც მათმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Lockheed Martin-მა, გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით გამოუშვა - არადა, სწორედ ეს თანამედროვე იარაღია ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად ყველაზე ეფექტური.

„დღეს არსებული ვითარება იმაზე კრიტიკულია, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ სხვა მომენტში“, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეგორ ჩერნევმა.