Loading data...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გრენლანდიაზე: აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგის მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან 28 იანვარს გამართულ კონსულტაციებს „კონსტრუქციული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის განცხადებით, დანიის, გრენლანდიისა და შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრამ ვაშინგტონში „კარგად“ ჩაიარა. 

„შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. ახალი კონტაქტები იგეგმება. დღეს ცოტა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ერთი კვირის წინ ვიყავი“, - განაცხადა რასმუსენმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს ფრედერიკ ნილსენმა 28 იანვარს, პარიზში, Sciences Po-ს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში წითელი ხაზები არსებობს, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია, საქმე ეხება კუნძულის სუვერენიტეტს.