დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ახალ ელჩს: გრენლანდიას ნუ შეეხებით
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა დანიაში აშშ-ის ახალ ელჩთან კენეტ ჰოუერისთან შეხვედრისას გრენლანდიის საკითხი წამოჭრა, რომლის ხელყოფის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა.
როგორც რასმუსენმა მედიასთან განაცხადა, მან ახლადდანიშნულ აშშ-ის ელჩთან დაახლოებით ერთი საათი ისაუბრა, რაც საკმაოდ დიდი დროა საელჩოს ხელმძღვანელთან პირველი შეხვედრისთვის.
მან დასძინა, რომ ჰოუერისთან გრენლანდიის მიმართ აშშ-ის დაინტერესების საკითხი წამოჭრა და კითხვას, უნდა შეეშვას თუ არა აშშ გრენლანდიას, დადებითად უპასუხა.
„და მთლიანად შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელებმაც კარგად იციან ეს“, - აღნიშნა რასმუსენმა.
ცნობისთვის, დანიაში აშშ-ის ახალმა ელჩმა, PayPal-ის თანადამფუძნებელმა და ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის დიდი ხნის მეგობარმა კენეტ ჰოუერიმ თანამდებობა ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, დაიკავა.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, დანიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ტრამპმა უსაფრთხოების მოტივით არაერთხელ გამოთქვა სურვილი დანიის დაქვემდებარებაში არსებულ კუნძულზე კონტროლის დამყარების შესახებ.
დანიაც და გრენლანდიაც ამტკიცებენ, რომ კუნძული არ იყიდება და რომ გრენლანდიელები საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტენ.