დანიის პრემიერი: ევროპა მხარს უჭერს საზღვრების პატივისცემას
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ლიდერები ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ სრულად უჭერენ მხარს საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის შენარჩუნებას. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წერს Reuters-ი.
„სკანდინავიური ქვეყნების, ევროპის და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მეგობრების მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ტერიტორიების და სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემა უნდა არსებობდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განუცხადა ფრედერიქსენმა TV2-ს.
აღსანიშნავია, რომ დანიის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, მოიპოვოს კონტროლი გრენლანდიაზე - დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე.