დანიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება
დანიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელება, ფრედერიქსენმა უპასუხა, რომ მას არ შეეძლო ასეთი სცენარის გამორიცხვა.
„სამწუხაროდ, ასეთი სცენარი შესაძლებელია. ზუსტად ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუ როგორ და სად განვითარდება სიტუაცია. ასევე, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რასთან მოგვიწევს გამკლავება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა გველოდება“, - უპასუხა ოფიციალურმა პირმა.
მან აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები რუსული საფრთხის შესახებ პოლონეთის შეხედულებების მსგავსია, რაც განპირობებულია ამ ქვეყნის ისტორიული გამოცდილებით რუსულ საფრთხესთან ბრძოლაში.
„მე მჯერა, რომ უკრაინაში ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, მხოლოდ უკრაინას არ ეხება... აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამივიტანოთ და ეს არ შეცვლილა ამ ომის დაწყებიდან: ჩვენ მთელი ჩვენი ძალით და ნებისმიერ ფასად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, - დასძინა ფრედერიქსენმა.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება, რუსეთმა აგრესია ევროპულ ქვეყნებზე გაავრცელოს, დანიის პრემიერ-მინისტრმა ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლებლობაზე მიუთითა.
„შესაძლოა, ეს იყოს ჰიბრიდული ომის ახალი ფორმა. ასეთი ქმედებები უკვე მიმდინარეობს – რუსეთი მუდმივად არღვევს საზღვრებს. ამ ეტაპზე მათ უკრაინაში მიღებული დანაკარგები აკავებთ. ისინი ჩაფლულნი არიან ომში, რომელიც მათი სამხედრო რესურსების, მათ შორის ადამიანური რესურსის, დიდ ნაწილს შთანთქავს“, - განმარტა მან.
ფრედერიქსენის თქმით, ევროპა ახლა გაცილებით უკეთ არის მომზადებული რუსული საფრთხეებისთვის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.