Loading data...
დამასკოში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის დედაქალაქის გარეუბანში ჯარამანაში მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, ერთი დაიჭრა, - წერს ისრაელის მედია ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქება იმ ქარხნის მახლობლად მოხდა, სადაც ბატარეები იწარმოება.

შს სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. მათი თქმით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და გამოძიება დაიწყეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც მედია წერს, 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დამასკოსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების მხრივ კვლავ არასტაბილური ვითარებაა და ბოლო თვეებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ჯარამანა დრუზების რელიგიური უმცირესობის ერთ-ერთი მთავარი დასახლებაა, სადაც ბოლო პერიოდში დაძაბულობა შეინიშნებოდა ადგილობრივი თემის ნაწილსა და ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერ ჯგუფებს შორის.