Loading data...
CNN: უკრაინამ და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწიეს

ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმთან დაკავშირებით მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ CNN-ი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

„სამხედრო ოფიციალურმა პირებმა... მიაღწიეს „ეტაპობრივ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს“ იმის განსაზღვრაში, თუ როგორ იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა წყარომ.

მან დასძინა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები „დაძაბული“ რჩება, ხოლო სამხედრო მოლაპარაკებები ოფიციალურ პირებს ფრთხილ ოპტიმიზმს უჩენს. 

CNN-ის ცნობით, პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო სამხედრო მოლაპარაკებებს აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექს გრინკევიჩი თავმჯდომარეობდნენ.

სამხედრო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ორივე მხარეს შეთანხმება მიეღწია ძირითად პირობებზე, რომლებსაც პოლიტიკურ მოლაპარაკებებში გამოიყენებდნენ. ეს მოიცავდა ცეცხლის შეწყვეტის პრაქტიკულ პირობებს და იმას, თუ რა ჩაითვლებოდა დარღვევად.

წყაროს ცნობით, ამ მიმართულებით პროგრესი მიღწეულია, თუმცა პოლიტიკოსებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

წყარომ დასძინა, რომ ოფიციალური პირების ვარაუდით, კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიგეგმება.

მოლაპარაკებების პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შედეგი არასაკმარისი იყო.

„სამხედრო წარმომადგენლებმა გარკვეული საკითხები სერიოზულად და არსებითად განიხილეს. თუმცა მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისების საკითხები და ლიდერების აუცილებელი შეხვედრა ჯერ კიდევ საკმარისად არ არის დამუშავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები „რთული, მაგრამ საქმიანი“ იყო.